ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი – სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი. ეკლესიისათვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს – სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ეკვდერები. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 35 მ x 36 მ სიმაღლე 34 მ-მდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით.
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი – თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური – წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ – სამრეკლო.
გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართობი დაახლოებით 300 მ²) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა.
ისტორია
XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XIII საუკუნის II ნახევარსა – XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურლენგის შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდალური საადგილმამულო ბრძოლები) გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ.საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს – კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის “მეორედ აღმშენებელს” უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკური-მორალური და ეკონომიური მდგომარეობა. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.
XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII საუკუნის დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს.
იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810) შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიიდან სახელმწიფო დაწესებულებად – შტატის მონასტრად იქცა.
ჯერ კიდევ XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის თაოსნობით, გელათის მონასტერში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა გაჩაღდა. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616), გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა.